Wednesday, January 17, 2018

ბელოვეჟის ტყის კრიზისი


ბელოვეჟის ტყე, რომელიც ბელარუსისა და პოლონეთის ტერიტორიაზე ვრცელდება, ერთ-ერთი უკანასკნელი ნაწილია უძველესი რელიქტური ტყეებისა, რომლებიც წარსულში ევროპის ვაკეებს ფარავდა. ეს ტყე 800 ევროპული ბიზონის თავშესაფარია. ბიზონები ევროპის ყველაზე მსხვილ ძუძუმწოვრებს წარმოადგენენ. იუნესკოს ეგიდით 1976 წელს ტყის ბაზაზე (პოლონურ ნაწილზე) შეიქმნა ბელოვეჟის ბიოსფერული ნაკრძალი, ხოლო 1993 წელს ბელარუსის მონაკვეთზე ბელოვეჟის ტევრის ბიოსფერული ნაკრძალი. ამ უკანასკნელის ფართობი 2015 წლის მონაცემებით 2,162 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. 2014 წელს ორ დაცულ ტერიტორიას შორის საზღვარი გაიხსნა და შეიქმნა ბელოვეჟის ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი, რომელიც საერთო ჯამში 141,885 ჰექტარ ტერიტორიას ფარავს.


ბელოვეჟის ტყემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. 1915 წელს იგი დაისაკუთრა გერმანულმა არმიამ. ცხადია, ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა ბრაკონიერობას, მოკლულ იქნა სულ მცირე 200 ბიზონი, ათასობით ირემი და გარეული ღორი, გარდა ამისა ტყის გავლით გაიყვანეს 200 კილომეტრიანი რკინიგზა, რომელიც ადგილობრივ ინდუსტრიას ემსახურებოდა. ყოველივე ამან გასტანა 1919 წლის თებერვლამდე, ვიდრე ტერიტორია ხელში არ ჩაიგდო პოლონეთის არმიამ. თუმცა უკვე გვიანი აღმოჩნდა,  უკანასკნელი ბიზონი მოკლეს ერთი თვით ადრე.


1923 წლისათვის გაირკვა, რომ მხოლოდ 54 ევროპული ბიზონი გადარჩა სხვადასხვა ზოოპარკში, თუმცა არც ერთი პოლონეთში. 1929 წელს პოლონეთის მთავრობამ შეისყიდა ოთხი ბიზონი, მათ შორის დასავლეთ კავკასიიდან (სადაც ბიზონი მოგვიანებით გადაშენდა რამდენიმე წელიწადში). ცხადია, ეს ინდივიდები განეკუთვნებოდნენ მცირედ განხვავებულ კავკასიურ ქვესახეობას (Bison bonasus caucasicus). რეინტროდუქციამ გაამართლა და 1939 წლისათვის უკვე 16 ბიზონი ბინადრობდა ბელოვეჟის დაცულ ტერიტორიაზე.


1941 წელს ტყე ისევ გერმანელების ოკუპაციაში მოექცა. ამავდროულად იგი გახდა თავშესაფარი მრავალი პოლონელი და საბჭოელი პარტიზანისა, რომლებიც აქტიურად იდევნებოდნენ გერმანელების მიერ. რამდენიმე საფლავი დღემდეა ტერიტორიაზე შემორჩენილი. 1944 წელს ტყე კვლავ გაათავისუფლა წითელმა არმიამ. ომის შემდეგ ტყის ნაწილი გაიყო პოლონეთსა და საბჭოურ ბელარუსს შორის. პოლონურ ნაწილზე შენარჩუნდა დაცული ტერიტორია, ხოლო ბელარუსის მონაკვეთი გადაეცა სახალხო მეურნეობას.


 მიუხედავად ყველაფრისა, ტყის საკმაოდ დიდი მასივები მაინც გადარჩა და ევროპაში ველური ბუნების ერთ-ერთ უკანასკნელ თავშესაფრად მოგვევლინა, მაგრამ ბელოვეჟის მდიდარი და მეტად რთული ისტორია ამით არ მთავრდება - ტყე თავისი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსაცდელის წინაშე სწორედ დღეს დგას!


2016 წელს პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრმა (ყოფილი მეტყევე) მხარი დაუჭირა ბელოვეჟის ტყეში მერქნის მოპოვების გასამმაგებას. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ 2017 წელს მან შეცვალა კანონმდებლობა, რათა რაიმე სახის დაბრკოლება არ შექმნოდა ტყეების გაჩეხვას, როგორც სახელმწიფო ფონდის მიწებზე, ისე კერძო საკუთრებაში. ამის შედეგად მთელი ქვეყნის მაშტაბით მასიურად დაიწყო ხე-ტყის დამზადება.  სახელმწიფოს მიერ მართული ტყეები აღარ არიან ვალდებულნი დაიცვან ევროკავშირის რეგლამენტი სახეობების სამართლებრივი დაცვის შესახებ.


მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დღეის მონაცემებით ბელოვეჟი არის თავშესაფარი 11,000-დან 25,000-მდე სახეობისათვის. ზუსტი რიცხვის დასახელება მეტად რთულია. როგორც აღინიშნა, ეს ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია ევროპაში სადაც ბიზონი, ფოცხვერი, იშვიათი ფრინველები შეიძლება იხილო თავიანთ ბუნებრივ ჰაბიტატში.


გაზრდილი მერქნის მოპოვება არა მარტო ევროპულ რეგულაციებს არღვევს, ის კაცობრიობას ართმევს უძველესი და ფასდაუდებელი ტყის მემკვიდრეობის უფლებას. ევროპის უმაღლესმა სასამართლომ უბრძანა პოლონეთს, შეწყვიტოს ხე-ტყის მოპოვება, მანამდე კი ათასობით აქტივისტი გრინფისიდან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ყოველდღე საკუთარ სიცოცხლეს რისკავს ტყის დასაცავად. მთავრობამ არაერთხელ გამოიყენა ძალა, თუმცა ისინი მაინც მედგრად ეღობებიან მძიმე ტექნიკას და არ აძლევენ ტყის განადგურების საშუალებას.



სამწუხაროა, რომ დღეს კაცობრიობა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს თუ რაოდენ მოწყვლადია ბუნებრივი გარემო და მისი რესურსები, რომ ბუნების წიაღში სეირნობა და ესთეტიკური ტკბობა, რომელიც ესეოდენ მნიშვნელოვანია სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, თანდათან ფუფუნება ხდება თანამედროვე ადამიანისათვის. მიუხედავად წინ გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა მდგომარეობა ბევრად არ განსხვავდება ინდუსტრიალიზაციის საწყისი პერიოდისგან, როდესაც ხდებოდა რესურსების მტაცებლური მოპოვება მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, ფაქტი სახეზეა. ბელოვეჟის უნიკალური ეკოსისტემის მომავალი კი კვლავ ბუნდოვანი რჩება.

























 

ბეგობრები:

  • Copyright © Green Future - Official page™ .
    Designed by Green Future.