Sunday, May 17, 2015
მზის ენერგია
By
Green Future
Dated
2:48 PM
დედამიწაზე მზე ენერგიის ამოუწურავი წყაროა. დღესდღეობით ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების მზარდი ტემპები ამ ენერგიების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა ვიდრე ეს წინა წლებში იყო შესაძლებელი. მზის ენერგო დანადგარების საშუალებით შესაძლებელია მზის ენერგიის თბურ ან ელექტრო ენერგიად გარდაქმნა, შესაბამისად ანსხვავებენ მზის თერმულ დანადგარებს და მზის ფოტოელემენტებს (მზის პანელებს). ამ დანადგარებიდან მიღებული თბური და ელექტრო ენერგიის გამოყენება შესაძლებელია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ენერგეტიკული მიზნებისათვის. დანადგარის ეფექტურობა დამოკიდებულია მზის გამოსხივებაზე (მუშა ზედაპირზე დაცემული სხივების დახრის კუთხესა და რაოდენობაზე) და დანადგარის მარგი ქმედების კოეფიციენტზე (მქკ)
მზის დაცემის კუთხის მქკ
საქართველოში მზის ნათების ხანგრძლივობის საკმაოდ მაღალი წლიური მაჩვენებელია. იგი ძირითადად დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე, რომელიც საქართველოში ზომიერია. მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა 250 – დან 280 დღემდე მერყეობს და დაახლოებით 1360 სთ-დან 2500 სთ-მდე იცვლება. ეს მაჩვენებელი მაღალია შირაქის ველსა და გარდაბნის ვაკეზე, ხოლო დაბალი აჭარის მიდამოებსა და კავკასიონის მაღალ მთიანეთშია.
საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა, უფრო სწორედ, მისი განედური განფენილობა უმნიშვნელოა (დაახლოებით 2.5 გრადუსი), რაც ვერ განაპირობებს მზის რადიაციის სერიოზულ ცვლილებას მის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებს შორის. ამის გამო რადიაციის განაწილება ძირითადად დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე, ჰაერის სიმკვრივესა და გამჭირვალობაზე.
ღრუბლიანობა საქართველოს ტერიტორიაზე არათანაბარი განაწილებით ხასიათდება. იგი გაცილებით მეტია დასავლეთ საქართველოში, რაც გამოწვეულია შავი ზღვის სიახლოვითა და ნალექების დიდი რაიოდენობით. ამიტომ ჯამური რადიაციის მინიმალური მაჩვენებლებით ხასიათდება კოლხეთის დაბლობის სამხრეთი ნაწილი.
საქართველოს ვაკე-დაბლობების, დაბალი და საშუალო მთებისათვის დამახასიათებელია ჯამური რადიაციის საშუალო (წელიწადში 120-130 კკალ/სმ2) მაჩვენებელი. აბსოლუტური სიმაღლის მატებასთან ერთად, დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლემდე, ღრუბლიანობა მატულობს, რის შედეგადაც გაბნეული რადიაცია იზრდება, პირაპირი რადიაცია კი მცირდება. ამის გამო ჯამური რადიაცია არ იცვლება.
საქართველოში მზის რადიაციის კარგად გამოხატული სეზონურობა ახასიათებს. ზაფხულში, დღის მაქსიმალური ხანგრძლივობა და მზის სხივების დაცემის დიდი კუთხე შესაბამისად განაპირობებს ჯამური რადიაციის დიდ მაჩვენებელს, ზამთარში კი - უმნიშვნელოს.
საქართველოს ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური გამოსხივება კვადრატულ მეტრზე 1250 – 1800 კვტ./სთ – მდე მერყეობს რაც დაახლოებით 120 ლიტრ დიზელის საწვავს ან 130 კუბ. მეტრ ბუნებრივ აირის ეკვივალენტურია.